ლატვიის სეიმმა უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის სეიმის პრესსამსახური ავრცელებს.
„ლატვიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, რომ ევროკავშირში პარტნიორებს, იმ ხალხის მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ შეახსენოს, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს,“ - ნათქვამია ლატვიის სეიმის განცხადებაში.
ლატვიის სეიმის დეპუტატების განცხადება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭირონ ევროკომისიის რეკომენდაციებს და უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება დაამტკიცონ.
„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მოლდოვაში მიმდინარე ჰიბრიდული ომის მიუხედავად, ამ ქვეყნებმა ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის დიდი ძალისხმევა გასწიეს, როგორც ღირებულებების, ისე მმართველობის თვალსაზრისით. სეიმის განცხადება აღნიშნულ სიგნალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს,“ - განაცხადა ედმუნდს ჩეპურიტისმა, ლატვიის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.