აზერბაიჯანისა და სომხეთის სასაზღვრო რეგიონში 30 ნოემბერს საზღვრის დელიმიტაციის კომისიის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის დეპარტამენტის უფროსმა აიხან ჰაჯიზადემ განაცხადა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანი ბადალიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წინასწარი შეთანხმების მიხედვით, 30 ნოემბერს სომხურ-აზერბაიჯანული დელიმიტაციის კომისიის სხდომა გაიმართება.
21 ნოემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და განაცხადა, რომ ერევანი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ბაქოსთან მოლაპარაკებებში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხური მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოლიტიკურ ნებას, მიმართოს ძალისხმევას აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ასევე, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის.
ოფიციალურმა ბაქომ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, ორმხრივ საფუძველზე სომხეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაიდოს სამშვიდობო შეთანხმება. „ჩვენ გვჯერა, რომ ორივე ქვეყანამ ერთად უნდა იმსჯელოს სამომავლო ურთიერთობებზე. ორივე ქვეყანაა პასუხისმგებელი სამშვიდობო პროცესის გაგრძელებაზე. მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, თავიდან იყოს აცილებული შემდგომი არასაჭირო შეფერხებები და იმედი გვაქვს, რომ ისინი დადებითად გამოეხმაურებიან ამ მოწოდებას მოლაპარაკებების მალე დაწყების შესახებ,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.