თეგი: აერბაიჯანი

ბაქო მადლობას უხდის საქართველოს, რომ ქვეყანამ ყარაბაღის „უკანონო არჩევნები“ არ აღიარა

აზერბაიჯანმა რიგ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს მადლობა გადაუხადა, რომ ქვეყანამ „ყარაბაღის უკანონო არჩევნები“ არ აღიარა. ბაქო ხაზს უსვამს, რომ თბილისმა გააკეთა განცხადებები, რომლითაც დაგმო და არ აღიარა „უკანონო არჩევნები“ და მისი ლეგიტიმაცია. საქართველო ყარაბაღის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს  

ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის მოთხოვნა და გამოიყენა დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ - მედია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) სრულად დააკმაყოფილა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მოთხოვნა და გამოიყენა დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ. კერძოდ, საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში სომხეთის წარმომადგენლის ოფისში განაცხადეს, რომ ევროსასამართლომ მოსთხოვა აზერბაიჯანს, თავი შეიკაოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რამაც შეიძლებმა გამოიწვიოს კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევა.  ევროსასამართლომ ასევე გადაწყვიტა, სასწრაფოდ ეცნობოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ამის შესახებ. სომხეთმა სთხოვა ევროსასამართლოს, გამოიყენოს დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების შეუქცევადი დარღვევა აზერბაიჯანის მიერ, „მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად.“ წყარო პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე  

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისია მომავალ კვირას შეიკრიბება

აზერბაიჯანისა და სომხეთის სასაზღვრო რეგიონში 30 ნოემბერს საზღვრის დელიმიტაციის კომისიის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის დეპარტამენტის უფროსმა აიხან ჰაჯიზადემ განაცხადა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანი ბადალიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წინასწარი შეთანხმების მიხედვით, 30 ნოემბერს სომხურ-აზერბაიჯანული დელიმიტაციის კომისიის სხდომა გაიმართება. 21 ნოემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და განაცხადა, რომ ერევანი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ბაქოსთან მოლაპარაკებებში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხური მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოლიტიკურ ნებას, მიმართოს ძალისხმევას აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ასევე, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ოფიციალურმა ბაქომ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, ორმხრივ საფუძველზე სომხეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაიდოს სამშვიდობო შეთანხმება. „ჩვენ გვჯერა, რომ ორივე ქვეყანამ ერთად უნდა იმსჯელოს სამომავლო ურთიერთობებზე. ორივე ქვეყანაა პასუხისმგებელი სამშვიდობო პროცესის გაგრძელებაზე. მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, თავიდან იყოს აცილებული შემდგომი არასაჭირო შეფერხებები და იმედი გვაქვს, რომ ისინი დადებითად გამოეხმაურებიან ამ მოწოდებას მოლაპარაკებების მალე დაწყების შესახებ,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

აზერბაიჯანმა უკრაინას 20 სატვირთო მანქანა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

აზერბაიჯანმა უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენის მიზნით, კიევს 20 სატვირთო მანქანა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება. ენერგეტიკული დახმარების ჯამური მოცულობა 7,6 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. ეს უკვე მესამე დახმარებაა, რომელსაც უკრაინა აზერბაიჯანისგან მიიღებს. ბაქომ უკრაინას მორიგი დახმარება ნოემბერში გაუგზავნა. ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ივლისში მოაწერა ხელი.  

ალიევი თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე, ფაშინიანის მიერ წარდგენილ პროექტს პიარ კამპანიას უწოდებს

„თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახსენა პროექტი სახელწოდებით „მშვიდობის გაჯვარედინი“. ეს პროექტი სავარაუდოდ ითვალისწინებს კომუნიკაციების განვითარებას აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. თუმცა, აზერბაიჯანი ამ წინადადებას უკვე სამი წელია აყენებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მას ახალი ინიციატივა უწოდა. საერთოდ, შესაძლებელია თუ არა რეგიონში მსგავსი პროექტების განხორციელება აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე?“ ამ შეკითხვით მიმართეს მედიის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ადგილობრივ ტელევიზიებთან ინტერვიუში. „რა თქმა უნდა, არა. თქვენ ალბათ კარგად იცით - ეს შეუძლებელია. ვფიქრობ, ეს მხოლოდ პიარ კამპანიაა. მოგეხსენებათ, სომხეთმა არ შეასრულა 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დებულება და ფაქტიურად უგულებელყოფს თავის ვალდებულებებს. ამიტომაც გამოვიდნენ ასეთი წინადადებით, რომ გადაფარონ და ამავდროულად უგულებელყონ „ზანგაზურის დერეფნის“ სიტყვათა კომბინაცია. ისიც უნდა ვთქვა, რომ სიტყვათა კომბინაცია „ზანგაზურის დერეფანი“ რაღაცნაირად ძალიან აღიზიანებს მათ. მე მათ ვეუბნები, რომ დერეფანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტს, არის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი, რომელიც გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დგება. არის აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანიც, მაგრამ რატომღაც სომხეთში ამ დერეფნისადმი დამოკიდებულება ცოტა განსხვავებულია. ამიტომ დაარქვეს მას ჯერ სომხური გზაჯვარედინი და შემდეგ „მშვიდობის გზაჯვარედინი,“ მაგრამ ეს რეალურად სხვა არაფერია თუ არა პიარ კამპანია,“ - განაცხადა ალიევმა. ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე გასული წლის ოქტომბერში ისაუბრა.  

ბაქოს პორტსა და საქართველოს პორტებს შორის ბლოკჩეინის ტექნოლოგია დაინერგება

მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ბაქოს პორტსა და საქართველოს პორტებს შორის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა იგეგმება. ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის დეპარტამენტის უფროსმა ხუდაიარ ჰასანლიმ თბილისში, შუა დერეფნის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს კონტეინერების რაოდენობის გაზრდას. „შუა დერეფნის განვითარებისთვის ჩვენ ჯერ უნდა გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურული საშუალებები. თუ ინფრასტრუქტურა არ არის ხელმისაწვდომი, დიგიტალიზაცია და სხვა გაუმჯობესებები არ დაეხმარება ჩინეთიდან მეტი ტვირთის მოზიდვას. ჩვენ, როგორც ბაქოს პორტი, გავაფართოებთ ჩვენს საქმიანობას და გავზრდით ჩვენი შესაძლებლობებს კონტეინერების ტრანსპორტირების მიმართულებით,“ - აღნიშნა დეპარტამენტის უფროსმა. 27 თებერვალს, თბილისში, რეგიონული ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევას ეძღვნებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, სახელმწიფო საწარმოები, კერძო სექტორი და ანალიტიკური ცენტრები.  მსოფლიო ბანკის კვლევის ძირითად შედეგებს რეგიონულ ღონისძიებაზე განიხილავენ. ამ ღონისძიების მიზანია რეგიონული მიდგომის შემუშავება დერეფნის ოპერატიული ეფექტიანობის გაზრდისა და არსებული პრობლემების დასაძლევად. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში  

ირაკლი კობახიძე 16 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 16 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს მთავრობის ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ზაგულბას სასახლეში, პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. „საქართველოს დელეგაცია პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნას და მარადიული ცეცხლის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.