საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელ რეგიონში. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით.
„აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეგრეთ წოდებული „შუა დერეფანი“ ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა. შუა დერეფანი ევრაზიის კონტინენტზე პოზიციონირდება, როგორც ტვირთებისა და ნახშირწყალბადების რესურსების მიწოდებისთვის შეიძლება ითქვას ყველაზე სწრაფი, ეკონომიური და საიმედო არხი. ამიტომ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე.
დაკავშირებადობის ხელშეწყობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან საინტერესო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ასევე მიმზიდველი ბიზნესგარემო. საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელ რეგიონში. ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაში, ასევე, ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არის ახალი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. საბოლოო ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სიმძლავრე იქნება 100 მილიონი ტონა წელიწადში. ასევე, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტზე, რომელიც წამოვიწყეთ და რომელზეც ჩვენ გასულ წელს დეკემბერში ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის ლიდერებმა. ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ ევროპისთვისაც,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2018-2022), საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზრდილია 48%-ით. „2024 წლის ბოლოს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მილიონი ტონა წელიწადში. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება.
მთავრობა ასევე ახორციელებს სერიოზულ, სოლიდურ კაპიტალდაბანდებას აღმოსავლეთ- დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალი აეროპორტის განვითარებაზე, რომელსაც ექნება პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული საავიაციო ტრანზიტული ცენტრი,“ - განაცხადა პრემიერმა.