უკრაინაში ომის გამო, მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა კიდევ 60 დღით გაახანგრძლივა

მოლდოვის პარლამენტმა პარასკევს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ 60 დღით გაახანგრძლივა.

მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრმა ადრიან ეფროსმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების აუცილებლობა ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებული რისკებით არის განპირობებული.


„ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო თავდასხმებმა ასევე შეიძლება, გავლენა მოახდინოს მოლდოვისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე. ამავდროულად, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ენერგოუსაფრთხოების პირდაპირ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებასთან,“ - ნათქვამია გადაწყვეტილების პროექტში.

მოლდოვის ოპოზიცია ტრადიციულად ეწინააღმდეგებოდა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას; პროტესტის ნიშნად კომუნისტების და სოციალისტების ბლოკის ფრაქციამ პარლამენტის სხდომა დატოვეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ქვეყანაში პირველად 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კიშინიოვის მთავრობამ ამგვარი გადაწყვეტილების აუცილებლობა არსებული საფრთხეებით და ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და უსაფრთხოების სხვა რისკების გათვალისწინებით ახსნა. მას შემდეგ მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა რამდენჯერმე გაგრძელდა.