ბაიდენი „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლებაში აშშ-ის დიპლომატიის როლს აქებს: ეს მხოლოდ დასაწყისია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 ნოემბერს „ჰამასის“ (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფება) მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების საქმეში აშშ-ის დიპლომატიის დამსახურება შეაქო.

ჯო ბაიდენმა, რომელიც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის მიღწევას აქტიურად ცდილობდა აღნიშნა, რომ ზავის გახანგრძლივების შანსები რეალურია.


როგორც ცნობილია, „ჰამასმა“ 24 მძევალი, მათ შორს ისრაელის 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ფილიპინელი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცა, ხოლო ისრაელმა ციხეებიდან 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

„დღეს, მე ჩემ გუნდთან ერთად მიმდინარე პროცესი განვიხილე, რადგან ჩვენ შეთანხმების განხორციელების პირველი რამდენიმე დღე დავიწყეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. დღეს დილიდან დაწყებული ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები ოთხი დღით შეწყდება, რაც მიღწეული იყო აშშ-ის აქტიური დიპლომატიის - ოვალური კაბინეტიდან რეგიონის ლიდერებთან უამრავი სატელეფონო საუბრის ჩათვლით. ჩვენ ვნახეთ ამ შრომის პირველი შედეგები. მე მინდოდა ბრძოლის შეჩერება ორი მიზეზით, რათა დაჩქარებულიყო და გაფართოებულიყო ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში, და მეორე - ხელი შეგვეწყო მძევლების გათავისუფლებისთვის," - აღნიშნა ბაიდენმა.