20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს გირაო შეეფარდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს, რომელიც 21 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე არის ბრალდებული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

პროკურატურამ სხდომაზე 15 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობა დააყენა.


თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდგომ საქმის პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული მედიკოსის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან პაციენტის მიმართ გულგრილობა გამოიჩინა.

„სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, რასაც ბრალდების მხარე ითხოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი გვქონდა შესაბამისი არგუმენტაცია იმ საფრთხეების შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არსებობდა. რაც შეეხება დამატებითი ღონისძიების სახით აკრძალვასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარე გაეცნობა დასაბუთების ნაწილს და შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულის გასაჩივრებასთან დაკავშირებით.

ბრალდების მხარემ ჩაატარა სრულყოფილი გამოძიება. ყველა ის გარემოება, რაზეც ბრალდებულმა ისაუბრა, გამოძიების მიერ შესწავლილია. მიუხედავად აღნიშნულისა, მის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა გულგრილობა. ყველა ის საკითხი, რაზეც მან ისაუბრა, გამოძიების მიერ დეტალურად იყო შესწავლილი და ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ სისხლის სამართლის საქმის მასალებშია და მტკიცებულებები არსებობს,“ - განაცხადა გიორგი ნადირაძემ.


პროკურატურამ 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა.


„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით დაზარალებული, 2021 წლის 11 აგვისტოს, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა.

პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახმა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქცია გამართა