დასავლეთის ქვეყნების უმეტესობის მიერ ტერორისტულად აღიარებულმა მოძრაობა „ჰამასმა“ შაბათ საღამოს ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი 17 ადამიანი წითელ ჯვარს გადასცა. სანაცვლოდ, ისრაელმა სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 39 პალესტინელი გაათავისუფლა.
შუამავალი ქვეყნების, კატარის და ეგვიპტის გარდა, შაბათს მოლაპარაკებებს შეუერთდნენ თეთრი სახლი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ადრიან უოტსონმა განაცხადა.
შაბათს მომხდარი გაცვლა მეორეა ადრე დადებული ოთხდღიანი ჰუმანიტარული ზავის ფარგლებში. გათავისუფლებულ მძევლებს შორის 13 ისრაელელი და ტაილანდის ოთხი მოქალაქეა. ყველა მათგანი „ჰამასის“ წევრებმა 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის დროს შეიპყრეს.
თითქმის ყველა გათავისუფლებული ისრაელელი კიბუც ბერის მკვიდრია. ეს დასახლება ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად: იქ დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა, 50 გაიტაცეს. მათ შორის რვა ბავშვი და ხუთი ქალი. ექიმების განცხადებით, მათი უმრავლესობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის. იუწყებიან, რომ ერთ 21 წლის ქალს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება. სანაცვლოდ, ისრაელმა შაბათს 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა: ექვსი ქალი და 33 მოზარდი.
საერთო ჯამში, ისრაელზე თავდასხმის დროს 240-მდე მძევალი აიყვანეს.
- წითელი ჯვრის განცხადებით, „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა - BBC
- ისრაელმა პატიმრობიდან 39 პალესტინელი გაათავისუფლა