26-27 ნოემბერს უკრაინის დიდ ნაწილში ქარიშხალმა, ძლიერმა წვიმამ და თოვლმა წყალდიდობა, ელექტროენერგიის გათიშვა და მოძრაობის პრობლემები გამოიწვია. 10 ოლქის 386 დასახლება ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა.
ოკუპირებულ ყირიმში ღამით ძლიერი ქარის შემდეგ, ოთხი ადამიანი დაშავდა, ერთი კი, დაკარგულად ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ათობით დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, ქარიშხალმა და წყალდიდობამ ასევე მიაღწია აზოვის ზღვას და ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკს. დიდთოვლობისა და დაბალი ხილვადობის გამო ოდესისა და მიკოლაივის ოლქებში რამდენიმე გზა დაიკეტა, ხოლო კიევში სატვირთო მანქანების შესვლა აიკრძალა.
შტორმია შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზეც. განსაკუთრებით დაზარალდა ბათუმის ახალი ბულვარი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზღვაზე 8-ბალიანი შტორმია. ოკუპირებულ აფხაზეთში 7-ბალიანი შტორმია გაგრის აკვატორიაში. დაზიანებულია სანაპიროს ინფრასტრუქტურა და ახლომდებარე სახლები. სტიქიამ დააზარალა სოხუმის სანაპიროც. შავ ზღვაზე შტორმის გამო რთული სიტუაციაა სოჭსა და მის ახლომდებარე რაიონებშიც.