ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების ზაქირ ჰასანოვსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს შორის შეხვედრა გაიმართა. მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას 2024 წლისთვის.
აზერბაიჯანული მხარის თქმით, სამხედრო სფეროში ორ ქვეყანას შორის კავშირები „მყარდება და ვითარდება.“
„ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის მასპინძლობისათვის. მან აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის არსებულ პატივისცემას, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგსა და ნდობის განმტკიცებას. მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებსა და კურსებში აზერბაიჯანელი სამხედროების აქტიური მონაწილეობა.
ყურადღება გამახვილდა სამმხრივ სწავლებებზეც. გამოითქვა თავდაცვის სფეროში ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის, ასევე სტრატეგიული დონის შეხვედრების არსებული დინამიკის შენარჩუნების სურვილი, რაც ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებას ხელს შეუწყობს. მომავალ წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს საქართველო უმასპინძლებს,“ - ნათქვამია თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სამი ქვეყანა მომავალ წელს ერთობლივ წვრთნებს გამართავს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა. „მე მჯერა, რომ დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას,“ - განაცხადა გიულერმა.
ცნობისთვის, საქართველომ და სომხეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას 17 ნოემბერს მოაწერეს ხელი.