საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
როგორც პრეზდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე პრეზიდენტმა პრემიერთან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და დიალოგის აუცილებლობა განიხილა.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მზად არის, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს.
ამ წუთებში ევროკავშირის საქართველოს ოფისში, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციის ლიდერებს ხვდებიან.
"დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორს დღესვე გაწერენ საავდამყოდოდან.
სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა.
მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.