პაველ ჰერჩინსკი: აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის გეგმა უკანონო და მიუღებელია

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის პროექტი სრულიად უკანონო და მიუღებელია.

ელჩმა აღნიშნა, რომ პასუხი იმაზე, რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს.

„ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. პასუხი იმაზე, თუ რაც ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის გეგმა სრულიად უკანონო და მიუღებელია,“- აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.


ვაშინგტონი აფიქსირებს, რომ სურს, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, როგორც ახლო სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, რადგან აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა განვითარებასა და ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაცვაში, მათ შორის, შავ ზღვაში.


რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მნიშვნელოვანი კომპონენტია შავი ზღვა. საგულისხმოა, რომ გაცხადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნის გეგმაც. რუსეთის ქმედებების ფონზე, როგორ ხედავს აშშ რეგიონში ზოგადად და მთლიანად ევროპაში, მათ შორის საქართველოში, გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსპექტივას, ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა.


„რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია,“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი Europetime-თან ინტერვიუში და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ქმედება იქნება კიდევ ერთი აშკარა დარღვევა იმ ვალდებულებისა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო და რაც გულისხმობს თავისი ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას. ამდენად, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ „რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში.“