ჰერჩინსკი: რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ შეათანხმა, ევროკომისიას უკვე გადაეცა

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ განიხილა და შეათანხმა, ევროკომისიას უკვე გადაეცა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„როგორც უკვე არაერთხელ ღიად და გულწრფელად მითქვამს, მე ოპტიმისტი ვარ და სწორედ ამიტომ ვარ აქ, საქართველოში და ვცდილობ, ვიყო საქართველოს წარმატების ნაწილი. როგორც ყველამ ვიცით, 8 ნოემბერს ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა. ახლა მას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა განიხილავს და 14-15 დეკემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს.


შემიძლია დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ გუშინ განიხილა და შეათანხმა, უკვე გადაეცა ევროკომისიას, რომელსაც ჩემი კოლეგები ყურადღებით დააკვირდებიან და მათ შესაბამისი გამოხმაურებაც ექნებათ.

ძალიან მიხარია, რომ ეს გაცვლა ხდება იმისთვის, რომ დრო არ დავკარგოთ და დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიდის, რათა დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველომ შემდეგი ნაბიჯები რაც შეიძლება, სწრაფად გადადგას და დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას,“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ.


რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ელჩმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის კონკრეტულ პიროვნებებს არ ეხება.

„ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია დემოკრატიის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ნიშნავს და იმას, რომ მდიდარმა ბიზნესმენებმა პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზედმეტი გავლენა არ იქონიონ. ასე რომ, ჩვენი გადმოსახედიდან, ევროპული თვალსაზრისით, ეს არ ეხება სახელებს, არამედ, ეს არის სისტემა და გარემო, რომელიც დემოკრატიის განვითარებისთვის არის ხელსაყრელი,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა სააგენტო „ინტრეპრესნიუსის“ ცნობით.


ელჩმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული.

„ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული, ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, ერთიანობა აბსოლუტურად აუცილებელია. საქართველოს სახელმწიფო გერბს თუ შევხედავთ, იქ წერია, რომ „ძალა ერთობაშია“. ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროა ევროინტეგრაციის დროს.

თუ გადავხედავთ ჩემი ქვეყნის მაგალითს, თუ გადავხედავთ წარსულში ევროკავშირში გაწევრიანებული სხვა ქვეყნების მაგალითს, ეს ყოველთვის ასე იყო. ცხადია, ხელისუფლება უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა დაუკავშირდეს ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას მოუსმინოს. ამავე დროს, ოპოზიციურმა პარტიებმა კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ და ერთობლივ ძალისხმევაში წვლილი შეიტანონ. როგორც უკვე ვთქვი და გავიმეორებ, გაერთიანებულ ქართველებს ნამდვილად დიდი საქმეების გაკეთება შეუძლიათ,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩის შეფასებით, ევროკომისიის მიერ გაცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანია.


„როგორც თქვენ ნახეთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დადებითი რეკომენდაციის გაცემის დროს ცხრა ნაბიჯი დაადგინა. იმედია, 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსთან ერთად, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები აღნიშნულ ცხრა ნაბიჯს დაადასტურებენ.

ძალიან მიხარია, რომ მთავრობას ცხრა ნაბიჯის შესრულების შესახებ უკვე შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა. ყველა ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მათგანი წინა 12 პრიორიტეტის მსგავსია. არის ნაბიჯები, რომლებიც ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია, სხვები ახალია, როგორიცაა დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლა, ასევე ამ 9 ნაბიჯშია ევროკავშირის პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი. ყველა ეს ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია, რომ მათ განხორციელებაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო,“ - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.


მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 27 ნოემბერს დაამტკიცა.

ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. მთავრობის განცხადებით, სამოქმედო გეგმის მომზადებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით გაუწია კოორდინაცია. გეგმა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით მომზადდა.

მასში გაწერილია რეკომენდაციების ფარგლებში განსახორციელებელიკონკრეტული ნაბიჯები, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების ვადები. კომისიის გადაწყვეტილებით სამოქმედო გეგმა ევროკომისიას გადაეგზავნა.

მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო.