NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში ხვდება.
გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მისი ლიდერობისა და უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. სტოლტენბერგი მიესალმა მდივნის ბლინკენის მტკიცე ერთგულებას NATO-სა და ტრანსატლანტიკური ალიანსის მიმართ.
გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მინისტრები განიხილავენ რამდენიმე საკითხს, მათ შორის: უკრაინა; ჩინეთი; დასავლეთ ბალკანეთი; და NATO-ს სამხრეთ სამეზობლო.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა იმართება უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების გაგრძელების ირგვლივ არსებული შეშფოთების ფონზე, რაც კონგრესში სადავო საკითხებმა გამოიწვია.
სტოლტენბერგს ბლინკენმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე კიევისადმი მხარდაჭერის კონტექსტში გამოჩენილი ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ყოველთვის ძალიან კარგია დაბრუნება ბელგიაში, ბრიუსელში, აქ NATO-ში, რომელიც თითქმის მეორე სახლად იქცა ბოლო სამი წლის განმავლობაში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ ალიანსთან, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, და თქვენ ნახეთ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში NATO ძალზედ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგანს, რათა გაუმკლავდეს ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ჩვენ ერთად ვდგავართ. ჩვენ მტკიცედ დავადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რადგან რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს. ჩვენ ველით მომავალ წელს ვაშინგტონში გამართულ სამიტს, რათა აღვნიშნოთ NATO-ს 75 წლის იუბილე, მაგრამ არამხოლოდ აღვნიშნოთ ეს წლისთავი, გავაგრძელოთ ალიანსის წინსვლა, მათ შორის, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებსაც მისი წევრები იღებენ ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის. ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს, როგორც თქვენ თქვით, ასევე, დასავლეთ ბალკანეთში, NATO-ს პარტნიორებთან ერთად მთელი მსოფლიოდან, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ ღაზასა და უფრო ფართო ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე,“ - განაცხადა თავის მხრივ, ბლინკენმა.
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა დღეს, 28 ნოემბერს უკრაინისა და ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კონგრესში კარგად ესმით საკითხის სწრაფად გადაწყვეტის მნიშვნელობა და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. მან ისრაელის დახმარებას მთავარი პრიორიტეტი უწოდა, ხოლო უკრაინის დახმარებას - კიდევ ერთი პრიორიტეტი.
„ვფიქრობ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ," - განაცხადა ჯონსონმა.
მას იმედი აქვს, რომ უახლოეს ხანში, ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხი.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს ევროპაში მარშით გავლის საშუალებას და გვესმის [უკრაინის] დახმარების აუცილებლობა," - განმარტა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.