საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, რისი გამოვლინებაცაა მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე.
არმენ გრიგორიანმა საქართველოს მიულოცა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
„შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის მზად იქნება, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობას. მხარეებმა, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილეს „შუა დერეფნის“ მზარდ მნიშვნელობასა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებზე.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში 28 ნოემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში უშიშროების საბჭოს მდივანი სამუშაო შეხვედრებს გამართავს,“ - იუწყება გრიგორიანის ოფისი.