სანდუმ პრორუს პოლიტიკოსს რუსეთის არმიის დახმარების გამო მოქალაქეობა ჩამოართვა

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოქალაქეობა ჩამოართვა პრორუსული რეგიონების პარტიისა და რუსეთის ფედერაციაში მოლდოვის დიასპორების კონგრესის ხელმძღვანელს, ალექსანდრე კალინინს. ამის შესახებ RBC-Ukraine-ი მოლდოვის პრეზიდენტის განკარგულებაზე დაყრდნობით იტყობინება. პრორუსი პოლიტიკოსისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი იყო მოქალაქეობის შესახებ კანონის ქვეპუნქტი, რომელიც უცხო სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევას ეხებოდა. კალინინი მოლდოვის რეგიონების პარტიის ხელმძღვანელი 2016 წელს გახდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კალინინი რუსეთის აგრესიას მხარს ღიად უჭერდა. 


სანქციები კალინინის წინააღმდეგ

მანამდე ევროკავშირმა კალინინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მას ბრალი ედებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დესტაბილიზაციასა და მოლდოვაში ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. ასევე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის კანადის სანქციების სიაში შეიყვანეს. მისი საქმიანობის ფონზე, სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთი მთელი ძალით ცდილობს მოლდოვაში პრორუსული ხელისუფლების შექმნას, რათა გამოიყენოს ქვეყნის ტერიტორია უკრაინის წინააღმდეგ ომში, ისევე როგორც კრემლი უკვე იყენებს ბელორუსის ტერიტორიას.