რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე, ჩრდილოეთ მაკედონიაში ბულგარეთის გავლით არ ჩავიდა, როგორც ეს მანამდე იყო ცნობილი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ დღეს, 30 ნოემბერს, წერენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი სკოპიეში, ევროკავშირის წევრი საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრინდა.
რუსული სააგენტოების ცნობით, ბულგარეთმა მოითხოვა, რომ თვითმფრინავში არ ყოფილიყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელიც ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული. „ტასის“ და „ინტერფაქსის“ ცნობით, ბულგარეთის ამ მოთხოვნის უარყოფის შემდეგ, რუსეთის დელეგაციამ ნებართვა საბერძნეთისგან მიიღო.
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუხურეს.
ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსი მაღალჩინოსნების სიაშია საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.
ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგობის გამო, საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა ეუთოს მისიამ, რომელიც მონიტორინგს უწევდა ვითარებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში. ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში(ეუთო), რომელიც ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და ცენტრალური აზიის 57 ქვეყანას აერთიანებს, გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება. რუსეთს ამ წესის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც 21 ნოემბერს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ბელარუსთან ერთად დაბლოკა, ორგანიზაციის მომდევნო თავმჯდომარედ ესტონეთის არჩევა იყო.