ეუთოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონიაში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობას შორის ინტერაქცია არ იქნება.
„მსურს, ყურადღება გავამახვილო ეუთოში რუსეთის მონაწილეობაზე. ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი რაიმე ინტერაქცია/ურთიერთკავშირი რუსეთთან. ჩვენ ასევე არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვეულ საქმიანოას დავუბრუნდეთ ამ აგრესიის ფონზე, რომელმაც გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე უდიდესი სახმელეთო ომი. და ბოლოს, არ შეიძლება და არც მოხდება სისასტიკის ნორმად ქცევა.
ბევრი რამ გაკეთდა რუსეთის სისასტიკის გამოსავლენად და მე ველი, რომ სწორედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაგმობა იქნება მინისტრთა საბჭოს თემაც. მდივანს ექნება შესაძლებლობა, ხაზი გაუსვას რამდენიმე საკვანძო გზავნილს.
მდივანი, რა თქმა უნდა, განიხილავს აშშ-ის მტკიცე ვალდებულებას უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ. შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს გლობალურ კოალიციასთან, რომელშიც 50-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორია, რომელთა უმეტესობა ეუთოს მონაწილე ან პარტნიორი სახელმწიფოა, რათა დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას თავი რუსული აგრესიისა და ევროპის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის თავხედური მცდელობებისგან.
შეერთებულმა შტატებმა თითქმის 75 მილიარდი დოლარი გამოუყო უკრაინას 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ. ჩვენ ასევე ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ეუთოს ფარგლებში უკრაინის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნები და უკრაინა უცხადებენ.
ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ, კარპენტერმა აღნიშნა, რომ თითოეული მონაწილე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რა დონეზე აირჩევს ღონისძიებაზე დასწრებას.
„მდივანი ბლინკენი დაესწრება მინისტერიალს, როგორც ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი. ვფიქრობთ, მიზანშეწონილია, მადლობა გადავუხადოთ ჩრდილოეთ მაკედონიას ლიდერობისთვის, ამ ორგანიზაციაში ხელმძღვანელობისთვის წელს, რომელიც უდავოდ ძალიან რთული წელი იყო. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვგეგმავთ, ძალიან პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიულ ომზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას,“ - აღნიშნა კარპენტერმა.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთმა სკოპიეში გასამართ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად სერგეი ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გავლის უფლება მისცა.