ჯეიმს ო’ბრაიენი: ჩვენ არ გვინდა, ჩვენი რომელიმე ძირითადი პარტნიორი ქვეყანა სანქციების გვერდის ავლის ადგილი გახდეს

როგორ აფასებს აშშ იმ ფაქტს, რომ თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება.

ეს საკითხი განიხილა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რასაც წინ უძღოდა გამოცემა Financial Times-ის სტატია, რომ 2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში თურქეთმა 45 კატეგორიის საქონლის ექსპორტი განახორციელა რუსეთსა და 5 ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომლის საერთო ღირებულებაც 158 მილიონი დოლარია. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს სამჯერ აჭარბებს. სტატიის თანახმად, თურქეთიდან რუსეთში ექსპორტის ზრდამ, ხელი შეუშალა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მცდელობას, შეეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით და გაზარდა დაძაბულობა თურქეთსა და NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებს შორის.


„შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და G7-ის პარტნიორებმა ნათლად განაცხადეს, რომ არ გვინდა, ჩვენი რომელიმე ძირითადი პარტნიორი ქვეყანა გახდეს ადგილი, სადაც ჩვენ მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა მოხდება. თურქეთმა გაატარა რიგი რეფორმები, რამაც გაართულა გარკვეული პროდუქციის ტრანზიტი თურქეთში, განსაკუთრებით, მაგრამ ცხადია, გასაკეთებელი ყოველთვის მეტია.


შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რამდენიმე პირსა და ინსტიტუტს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ვაჭრობაში; ზოგიერთი მათგანი რუსეთის მოქალაქეა, რომლებმაც შექმნეს კომპანიები და ცდილობდნენ ბრძოლის ველზე გამოსაყენებელი ელექტრონიკისა და სხვა პროდუქციის თურქეთის გავლით რუსეთში გადატანას.

ჩვენ ვნახეთ გარკვეული პროგრესი ამ მხრივ, მაგრამ ეს არის სამუშაო, რომელიც არ დასრულებულა. რუსები ყოველთვის ცდილობენ მეტ იმპორტს და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისთვის კარის დახურვა გავაგრძელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ მეტ ისეთ მოვლენას, როგორიც მაგალითად, ამ შაბათ-კვირას მოხდა, ვგულისხმობ, ძალიან დიდ თავდასხმას კიევზე,  და ვიცით, რომ პროდუქციის ის სახეობები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ თავდასხმებს, იმპორტირებულია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს, რაც შეიძლება მალე,“ - აღნიშნა ბლინკენის თანაშემწემ.