თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება. სტატიას ამის შესახებ Financial Times-ი აქვეყნებს.
2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში თურქეთმა 45 კატეგორიის საქონლის ექსპორტი განახორციელა რუსეთსა და 5 ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომლის საერთო ღირებულებაც 158 მილიონი დოლარია. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს სამჯერ აჭარბებს. სტატიის თანახმად, თურქეთიდან რუსეთში ექსპორტის ზრდამ, ხელი შეუშალა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მცდელობას, შეეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით და გაზარდა დაძაბულობა თურქეთსა და NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებს შორის.
თურქეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის შეჩერება ვაშინგტონის პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ბრაიან ნელსონი მიმდინარე კვირას სტამბულსა და ანკარას ეწვევა, სადაც რუსეთის სარგებლის მომტან სავაჭრო და ფინანსურ საქმიანობას გაიხილავს.