NDI-ის საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი საქართველოში მიმდინარე პროცესებს twitter-ზე ეხმაურება.
"ვუყურებ რა საქრთველოში მიმდინარე მოვლენებს, მთავრობის ერთ-ერთი ლიდერის სიტყვები მახსენდება, რომელიც არჩევნების დროს ერთხელ მითხრა - ჩვენ მხოლოდ მოგება არ შეგვიძლია, ჩვენი ოპონენტი უნდა გავანადგუროთ", - წერს ლორა თორნტონი.
დღეს დილით სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. დანარჩენი ორი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან.
სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა.
მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.