აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა

ჰენრი კისინჯერი, რომელიც 1973-1977 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1960-იანი წლების ბოლოდან კისინჯერი აშშ-ის პრეზიდენტების, რიჩარდ ნიქსონის და ჯერალდ ფორდის მრჩევლად მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
 
„დოქტორი ჰენრი კისინჯერი, პატივცემული ამერიკელი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე, დღეს, კონექტიკუტში, საკუთარ სახლში, გარდაიცვალა,“ - ნათქვამია საერთაშორისო გეოპოლიტიკური საკონსულტაციო ფირმა Kissinger Associates-ის განცხადებაში.

 
1973 წელს კისინჯერს ნობელის მშვიდობის პრემია, ვიეტნამში ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა. მის სახელს ასევე უკავშირდება ჩინეთთან ურთიერთობების გახსნა და საბჭოთა კავშირთან დაძაბულობის შემცირება.
 
კისინჯერმა მთავარი დიპლომატიური როლი შეასრულა ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში 1970-იან წლებში, როდესაც ის იყო სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციაში.

Reuters-ი წერს, რომ კისინჯერს ჩინეთში დიდ პატივს სცემენ და ის თანამდებობის დატოვების შემდეგ ჩინეთს რეგულარულად სტუმრობდა. მისი ვიზიტი ჩინეთში მიმდინარე წლის ივლისში შედგა იმ ფონზე, როდესაც ორი ზესახელმწიფოს ურთიერთობა ისტორიულად დაბალ დონეზე იყო.