აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგი საქართველოს თემით დაიწყო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მელიას დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს.
"ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინოს თავშეკავება ყველა ისეთი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ვითარების ესკალაცია ან ძალადობრივი შედეგი. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების, კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს, რომ სასამართლო და პროკურატურის სისტემა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს" (CIA) ყოფილმა წევრმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედმა წარმომადგენელმა, ნედ ფრაისმა.
დღეს დილით სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. დანარჩენი ორი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან.
სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა.
მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.