ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში კონფლიქტის შესახებ 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს

29 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს.

გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში აღწერს 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ ანგარიშში პირველად აღინიშნა ტერმინი „საოკუპაციო ხაზი“ - რითაც ევროპის საბჭომ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას.


მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას, გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა მისი ბოლო ვიზიტისას საოკუპაციო ხაზის მონახულებასა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის საკითხზე.

მწუხარება გამოთქვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის თაობაზე და ხაზი გაუსვა ამ და წინა შემთხვევებში მართლმსაჯულების დაუყოვნებლივ აღსრულების მნიშვნელობას. გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში.

„დასასრულს, მარია ბურიჩმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო თავისი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ანგარიშის მიღებისა და საქართველოს საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის. მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის გაძლიერებაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულებას.


კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის (ევროკავშირის განცხადებას მიუერთდნენ: ალბანეთი, ანდორა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სან მარინო, უკრაინა), მოლდოვის, სერბეთის, უკრაინის, ისლანდიის, კვიპროსის, ნორვეგიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, გაერთიანებული სამეფოს, აზერბაიჯანის, მონტენეგროს, სომხეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, თურქეთის, მექსიკის, აშშ-ს და იაპონიის დელეგაციებმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას,“ - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


საქართველოში კონფლიქტის შესახებ 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის შესახებ 15 ნოემბერს გამოქვეყნდა. civil.ge-ს თანახმად, მასში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში არასახარბიელოა. დოკუმენტის თანახმად, ადგილზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე COVID19-ით გამოწვეულმა კრიზისმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამაც მოახდინა გავლენა.

გენერალური მდივანი კვლავ ითხოვს კონსოლიდირებული ანგარიშების მოსამზადებლად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ფაქტების დამდგენი ვიზიტების უზრუნველყოფას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამდივნოს ასეთი შესაძლებლობა არ მიეცა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიში პერიოდში ადამიანებისა და საქონლის თავისუფალ გადაადგილებაზე ცალმხრივი შეზღუდვები კვლავაც ახდენდა გავლენას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებზე.


კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, „ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების გაგრძელებამ და მათმა მოუგვარებლობამ – რასაც ასახავს ის ფაქტი, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ 4 600-ზე მეტ ბავშვს, გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოერთვა ქართულ, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება – ხელი შეუწყო მზარდი გაუცხოებისა და გაურკვეველი მომავლის განცდას“.

„არავითარი პროგრესი არ არის მიღწეული საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების, მათ შორის ევროპის საბჭოს მექანიზმების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფის საქმეში,“ – ნათქვამია ანგარიშში.


ევროპის საბჭოს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პროგრესი ვერ მიიღწა ვერც გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულისა და არჩილ ტატუნაშვილის, და არც ირაკლი კვარაცხელიას და ინალ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეების გამოძიებაში.

საქართველოს ხელისუფლებაზე დაყრდნობით, ანგარიში აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა „ბორდერიზაციის “უკანონო ქმედებები, მათ შორის ღობეების აღმართვა და სათვალთვალო სისტემების დამონტაჟება.

საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე კულტურული, ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ.


სიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში

ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავ შეჩერებულია გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობა. საანგარიში პერიოდში IPRM-ის შეხვედრები არ გამართულა. მისი განახლების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს როგორც საერთაშორისო აქტორებმა, ისე საქართველოს ხელისუფლებამ. მუშაობას განაგრძობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მომუშავე ცხელი ხაზი.

დელეგაცია იტყობინება, რომ საოკუპაციო ხაზზე რეგულარული გადაადგილების მიუხედავად, გამოწვევები რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ენგურზე მთავარი „გამშვები პუნქტი“ პანდემიამდელ დონეს უახლოვდება, ყოველდღიურად 2500 გადაკვეთით, შეფერხებები და დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით „უცხოელთა ბინადრობის ნებართვები“, აფერხებს ადგილობრივთა გადაადგილების თავისუფლებას.

უკანონო დაკავებებთან დაკავშირებული ინციდენტები კვლავ დაფიქსირდა. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოხატა სერიოზული შეშფოთება ირაკლი ბებუას საქმის გამო, რომელიც 2020 წლის დეკემბრიდან უკანონო ცხრა-წლიან პატიმრობაში იმყოფება. ასევე გაესვა ხაზი ქრისტინე თაკალანძისა და ასმათ თავაძის უკანონო დაკავებებს 2022 წლიდან. საქართველო დაჟინებით ითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე.

ანგარიშში ასევე საუბარია ქართული ენის მუდმივ დისკრიმინაციაზე ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მშობლიურ ქართულ ენაზე სწავლება მკაცრად შეზღუდულია, რასაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გმობს.

საანგარიშო პერიოდში ხელმისაწვდომი იყო თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაცია, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის დახმარებით.


სიტუაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ანგარიშში ნათქვამია, რომ ვითარება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შედარებით სტაბილური იყო, მათ შორის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზეც. მიუხედავად ამ სტაბილურობისა, მაინც ჰქონდა ადგილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს, განსაკუთრებით დაკავებებს. საქართველოს ხელისუფლებამ დელეგაციას აცნობა სოფელ ჭვრინისთან ორი ადგილობრივი მოსახლის დაკავების მცდელობის შესახებ, როდესა რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. ევროპის საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელმა ხაზმა გადამწყვეტი როლი ითამაშა დაძაბულობის განმუხტვასა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობაში.

მართალია საანგარიშო პერიოდში ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე არანაირი თავდასხმა არ დაფიქსირებულა, სიტუაცია მაინც მოუგვარებელი რჩებოდა და ხელს უწყობდა დაძაბულობას. ერგნეთში IPRM-ის შეხვედრები გრძელდებოდა. შეშფოთებას იწვევდა ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და ცხოვრებაზე. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მთავრობამ დელეგაციას რამდენიმე ლოკაციაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ 25 შემთხვევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული აქტივობა მოიცავდა სადამკვირვებლო პოსტების, ასევე ახალი ღობეებისა და ე.წ. „სასაზღვრო ნიშნების“ მონტაჟს.


ანგარიშის თანახმად, გადაადგილების თავისუფლება საოკუპაციო ხაზზე კვლავ შეზღუდულია, მიუხედავად იმისა, რომ „გამშვები პუნქტების“ დროებითი გახსნა ყოველი თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში კვლავ ძალაშია.

საქართველოს ხელისუფლებამ დელეგაციას აცნობა, რომ ახალგორში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის „გამშვები პუნქტების“ გადაკვეთისთვის საჭირო „ნებართვები“ კვლავ შეშფოთებას იწვევს, რადგან ეს დამატებით დაბრკოლებებს უქმნის გადაადგილების თავისუფლებას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში არანაირი პროგრესი არ დაფიქსირებულა ახალგორის რაიონის შვიდივე სკოლაში ქართულ ენაზე განათლების მიღების კუთხით. კვლავ არსებობს წუხილები მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის თაობაზე.

საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) და ლტოლვილთა ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეულ და შეუფერხებელ დაბრუნებასთან დაკავშირებით პროგრესი არ დაფიქსირებულა.