უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შემდეგი არჩევნების მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის ვებგვერდი და უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი ალექსანდრ კორნიენკო ავრცელებენ.
შეთანხმებას „ჟან მონეს დიალოგის” ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შედეგად მიაღწიეს რომელიც 10-12 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა.
შეხვედრის შედეგად გამოქვეყნებულ დასკვნებში აღნიშნულია, რომ უმაღლესი რადას ხელმძღვანელობა, საპარლამენტო ფრაქციებისა და ჯგუფების თავმჯდომარეები და დელეგირებული წარმომადგენლები „მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ მომავალი თავისუფალი და სამართლიანი ეროვნული არჩევნები (საპარლამენტო, საპრეზიდენტო) ტარდება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ და საომარი მდგომარეობის მოქმედების დასრულების შემდეგ იმ დროის ფარგლებში, რომელიც არჩევნების ჩატარების მოსამზადებლად არის საკმარისი (არა ნაკლებ 6 თვე საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ).”
დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ხალხის მსახურის“ ფრაქციიდან დავით არახამიამ, „ბატკივშინადან“ იულია ტიმოშენკომ, „ევროსოლიდარობის“ ფრაქციის თანათავმჯდომარემ ირინა გერაშჩენკომ, „გოლოსის“ ალექსანდრა უსტინოვამ და სხვა საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლებმა.
„დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ ეროვნულ არჩევნებს უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება უკრაინის დემოკრატიული პერსპექტივებისთვის და ისინი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს.
თუმცა ასევე ვიაზრებთ, რომ ომისა და მისი გავლენის შედეგად არჩევნების ჩატარება დაკავშირებული იქნება უნიკალურ გამოწვევებთან, რომლებიც ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს მოითხოვენ მათი წარმატებულად მოგვარებისთვის,“ - ნათქვამია ტექსტში.