დღეს, პირველ დეკემბერს, სასტუმროში “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” გაიხსნა ორდღიანი რეგიონული კონფერენცია „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის.“
კონფერენციას ესწრებიან საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და იურიდიული დახმარების მიმწოდებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის ხელშეწყობით იმართება.
კონფერენციის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები ხელს მოაწერენ თბილისის დეკლარაციას იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ.
ეს დოკუმენტი ადგენს რეგიონულ სტანდარტებს ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისთვის და აძლიერებს კოორდინაციას საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის სახელმწიფო იურიდიული დახმარების მიმწოდებლებს შორის.