ლევან იოსელიანი: პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს.

ამის შესახებ ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს, რატომ არ ეძლეოდა სალომე ზურაბიშვილს უფლება გუშინ, თსუ-ში სტუდენტებთან კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ესაუბრა.

„პრეზიდენტს ყველგან აქვს შესვლის უფლება და ყველასთან აქვს შეხვედრის უფლება. კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვინ უთხრა უარი და რა მიზნისთვის. ინფორმაცია არ მაქვს,“ - განაცხადა იოსელიანმა.


ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სტუდენტებს უკრძალავს მაგიდის დადგმას და პეტიციაზე ხელის მოწერას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა სხვა საკითხია, სახელმწიფო ინტერესები კი სხვა საკითხია და ის ყველა სივრცეში თავისუფალი უნდა იყოს.

თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ „საუბარში პრეზიდენტის ბრალდება უარყო. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდა და სტუდენტებს შეხვდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესასვლელთან დამონტაჟებული იყო ბანერი წარწერით: „ჩვენი ხმა ევროპას“, აქვე განთავსებულია მაგიდა ფურცლებით, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პეტიციაზე ხელი მოეწერათ. პრეზიდენტი სტუდენტებს ესაუბრა და პეტიციაზე ხელმოწერის პროცესსაც დააკვირდა.