საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში იმართება.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, Dubai Expo-ში, სადაც კონფერენცია იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში დახვდნენ.
„მოხარული ვარ, დავესწრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციას არაბთა გაერთიანებული საამიროებში, ქალაქ დუბაიში და წარმოვაჩინო საქართველოს ხედვა კლიმატის ცვლილებების სულ უფრო მზარდ და მწვავე გლობალურ ეფექტთან გამკლავების შესახებ. საქართველო ერთგულია კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობის გაძლიერების იდეისადმი, მათ შორის გარემოსადმი კეთილგანწყობილი პროექტების განხორციელების გზით,“ - წერს ღარიბაშვილი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).