სუამის თავმჯდომარე ქვეყანა 2024 წელს აზერბაიჯანი იქნება. ამის შესახებ სუამის ეროვნულ კოორდინატორთა საბჭოში იუწყებიან.
2023 წელს უკრაინის თავმჯდომარეობის დროს სუამის საქმიანობის პრიორიტეტული სფეროები იყო სუამის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა, ევროპულ და აზიურ ბაზრებს შორის ვაჭრობის განვითარება, თავისუფალი სავაჭრო ზონის სრული ფუნქციონირების ხელშეწყობა. ,ევროკომისიასთან ურთიერთქმედება სატრანსპორტო დერეფნის საკითხებსა და საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე.
2020 წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობის დროს პრიორიტეტული სფეროები იყო ენერგეტიკული უსაფრთხოება, ტრანსპორტი და ვაჭრობა. აზერბაიჯანი სუამის თავმჯდომარეობას პირველი იანვრიდან გადაიბარებს. სუამი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც ოთხი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსგან (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი მოლდოვა) შედგება.
შეგახსენებთ, სუამი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1997 წლის 10 ოქტომბერს სტრასბურგში ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას დაფუძნდა. ორი წლის შემდეგ 1999 წელს ორგანიზაციას უზბეკეთი შეუერთდა, თუმცა უზბეკეთმა 4 წლის შემდეგ სუამი დატოვა.