მარკეტა გრეგოროვა: ეს მოვლენები აბრკოლებს NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას

"ეს მოვლენები აბრკოლებს NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას", - ასე შეაფასა ევროპელ „მწვანეებისა და ევროპელთა თავისუფალი ალიანსის“, (Greens/EFA) წევრმა, ჩეხმა პოლიტიკოსმა მარკეტა გრეგოროვამ საქართველოში მიმდინარე მოვლენები და მას „აბსოლუტური იმედგაცრუება“ უწოდა და ნიკა მელიას დაკავება შეაფასა, როგორც დემოკრატიის გზაზე ქვეყნის უკუსვლა. ამის შესახებ მან Twitter-ზე განაცხადა.

მისი თქმით, "ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის წვერია".

ამავე დროს "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ის ორივე მხარეს მოუწოდებს დიალოგისკენ, რათა შექმნილმა ვითარებამ გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა არ იქონიოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე.

"იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან კონტაქტი მაქვს ორივე მხარესთან, ოპოზიციასთანაც და „ქართულ ოცნებასთანაც“ და ვთათბირობთ სხვადასხვა გზასა თუ მიმართულებაზე, თუ როგორ მოგვარდეს ვითარება. საქართველოში ყველა ყოველთვის მარწმუნებს, რომ ყველა ცდილობს ვითარების განმუხტვას, რათა ის არ გაუარესდეს. ამიტომ ესკალაცია იმედგაცრუებას იწვევს, ვინაიდან, ეჭვგარეშეა, ეს ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი ქუჩებში გადის დემონსტრაციებზე (რაც, ცხადია, ამჟამინდელი პანდემიის პირობებში პრობლემურია ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც), არამედ დემოკრატიის უკუსვლის თვალსაზრისით... ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიმართ ასეთი ძლიერი ზომები ცუდ სიგნალებს აგზავნის და ხელს უწყობს ვითარების ესკალაციას და არა დეესკალაციას", - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, არსებული ვითარება შეადარა "აისბერგის წვერს", რადგან ეს ვითარება უცებ არ წარმოქმნილა, ეს პრობლემა რამდენიმე თვე გრძელდება. ამასთანავე, პოლიტიკური პატიმრების პრობლემა, რაც 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებით, უნდა მოგვარებულიყო, ჯერ ისევ პრობლემას წარმოადგენ.

"მე ვითარება შევადარე აისბერგის წვერს, ვინაიდან ეს ვითარება უცებ არ წარმოქმნილა, ეს პრობლემა რამდენიმე თვე გრძელდება... 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება გვპირდებოდა, რომ მოგვარდებოდა პოლიტიკური პატიმრების პრობლემა, მაგრამ ამ შეთანხმების ერთი წლისთავზეც ვითარება უცვლელია და შეიძლება უარესიც კი. იმაში, თუ რა არის აისბერგის წვერის ქვეშ, ვიგულისხმე პრობლემები, რომლებიც განვლილი თვეების განმავლობაში გროვდებოდა. ვიცი, რომ ევროკავშირის მხრიდან არის მხარეებს შორის შუამავლობის მცდელობები. ვიცი, რომ ევროკავშირის ელჩი ეცადა ამას რამდენჯერმე. მაგრამ ვფიქრობ, რომ იდეალურ შემთხვევაში ევროპის პარლამენტმაც უნდა გაგზავნოს მედიატორთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში შესაძლოა ჯობდეს შედიოდნენ ექსპერტები და არა პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები. ვინაიდან, საჭიროა პრობლემების გადაჭრა და არა განცხადებები და დეკლარაციები. მეორე მხრივ, ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა ხელი შეუწყოს ვითარების მოგვარებას. ასევე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის უახლოეს პლენარულ სხდომაზე მარტში მიღებული იქნება რეზოლუცია, რომელშიც შევა კონკრეტული ზომების თაობაზე მოწოდება... მე არაფრის დაპირება არ შემიძლია, ეს ჯერჯერობით მოლაპარაკებების და დისკუსიების სტადიაშია.", - აცხადებს გრეგოროვა.

გრეგოროვამ სამომავლო პერქსპეტივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედებს აბრკოლებს.

"გრძელვადიანი პერსპექტივით ეს მოვლენები აბრკოლებს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის იმედებსა და მცდელობებს. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, ვითარების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება იმათი დახმარებით, ვისთანაც გსურთ ინტეგრირება. ვინაიდან, აშკარაა, რომ პრობლემებს განსხვავებულად ვუდგებით და ჩვენ საქართველოს მხარეს და დასავლეთს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს.“ - განაცხადა განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.