განათლების მინისტრი მასწავლებელთა პროტესტს გამოეხმაურა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა მასწავლებლების პროტესტს. მინისტრის განცხადებით, ის პედაგოგებს შეხვდა.


„ჩვენ ყველას ვხვდებით. კონკრეტულად ამ ადამიანებს ადრეც არაერთხელ შევხვდი. თითოეულის გულისწუხილი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე პრობლემა, მოსმენას აუცილებლად იმსახურებს. ჩვენ არ მივეკუთვნებით იმ კატეგორიას, რომელიც არ ითვალისწინებს საზოგადოების აზრს. ვიცით როგორია უმრავლესობის განწყობა, ვიცით, რომ ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ერთი ადამიანიც თუ აპროტესტებს რაღაცას მას აუცილებლად შევხვდებით და მოვუსმენთ.

მინდა აღვნიშნო, რომ თავად სასკოლო საზოგადოება მასწავლებლები და მშობლები სცემს პასუხს დირექტორობის მსურველთა კონკურსის ირგვლივ დასმულ კითხვებს, რომ არსად არ გამოკვეთილა არანაირი სამართალდარღვევა და ამ პროცესს უკმაყოფილება არ გამოუწვევია. თუ კონკრეტული პირები თვლიან, რომ დაირღვა მათი უფლებები ამისთვის არსებობს სასამართლო, ასე ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. პირველები ვართ, ვინც დავიწყეთ სკოლების ავტონომიის ზრდაზე მუშაობა, ასე რომ მათი არგუმენტები ამ კუთხით მიუღებელია,” - განაცხადა ამილახვარმა.


შეხვედრის შემდეგ ცნობიილი გახდა, რომ პროტესტი გაგრძელდება.

„არ სურთ იმის აღიარება, რომ გასაუბრებაზე ხდებოდა დანაშაული. მოთხოვნა არის, აღიარონ დანაშაული კონკრეტულად ჩვენ წინაშე, ჩვენი დისკრიმინაცია არ არის სწორი. სამუშაო დღის დასრულებამდე დაველოდები და მერე ჩვენ არ გავალთ არსად. გაგრძელდება შიმშილით აქცია, თუ ვერ მივიღებთ პასუხს," - განაცხადა დირექტორთა კონკურსის მონაწილემ მაია ეკალაძემ.

ის განათლების სამინისტროსთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

პროტესტის მონაწილეები დირექტორთა სერტიფიცირების შედეგებს არ ეთანხმებიან. მასწავლებლების ინტერესებს სასამართლოში „სამართლიანი არჩევნები” იცავს.