თურქეთმა და კატარმა თანამშრომლობის შესახებ 12 შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს, თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მე-9 შეხვედრის შემდეგ გაფორმდა.
ლუსაილის სასახლეში პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და კატარის ემირი შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ თანი თავმჯდომარეობდნენ თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის სხდომას.
შეხვედრის შემდეგ ერდოღანისა და ალ თანის თანდასწრებით, ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
კომიტეტის სხდომაზე ერთობლივ დეკლარაციას და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი ინტერესის საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ასევე მოაწერეს ხელი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა და მისმა კატარელმა კოლეგამ მოჰამედ ბინ აბდურაჰმან ალ თანიმ. დოკუმენტები ასევე გაფორმდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროებში; განათლებისა და კულტურის სფეროებში, ასევე, მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
გარდა ამისა, ორმხრივ სამხედრო ჩარჩო შეთანხმებას ხელი მოაწერეს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა და კატარის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ჰალიდ ბინ მოჰამად ალ ატიამ. ინვესტიციების ხელშეწყობაში თანამშრომლობის პაქტს ხელი მოაწერეს თურქეთის პრეზიდენტის საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელმა ბურაკ დაგლიოღლუმ და კატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა შეიხ ხალიფა ბინ ჯასიმ ალთანმა. თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის ხელმძღვანელმა მუსტაფა გულთეფემ და შეიხ ხალიფა ბინ ჯასიმ ალთანმა ასევე ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ექსპორტზე თანამშრომლობის შესახებ.