ოკუპირებული ყირიმიდან აფეთქებების შესახებ იუწყებიან

უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში წუხელ აფეთქებები იყო. მედია ადგილობრივებზე დაყრდნობი წერს, რომ ქალაქ ქერჩის მახლობლად სულ მცირე, 30 აფეთქების ხმა გაიგეს. აფეთქებები იყო ფეოდოსიასა და სიმფეროპოლშიც.

ღამით ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ხიდთან მდებარე რაიონს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, აზოვის ზღვის აკვატორიასა და ყირიმის თავზე 22 დრონი გაანადგურეს.  „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა," განეხორციელებინა "ტერორისტული შეტევა," აცხადებს ტრადიციულად რუსული მხარე. უკრაინას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს.


რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.