მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) მსოფლიოში განათლების ხარისხის შესაფასებლად ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოიყენება. კვლევა ყოველ სამ წელიწადში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ტარდება. PISA აფასებს 15 წლის ადამიანების ცოდნასა და უნარებს მთელ მსოფლიოში კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებაში.
უახლესი მონაცემებით, 15 წლის ქართველი მოსწავლეების ცოდნა და უნარები მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 2018 წელთან შედარებით არ გაუმჯობესებულა. PISA-ს ბოლო კვლევა სწორედ ამ წელს ჩატარდა.
2022 წელს 2018 წელთან შედარებით მხოლოდ ერთი ქულით გაუმჯობესდა შედეგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში, კი 8 და 6 ქულით გაუარესდა. ამის მიუხედავად, PISA-ს შეფასებაში ნათქვამია, რომ არცერთი ეს ცვლილება სტატისტიკას არ ცვლის. კვლევის მიხედვით, მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს ქართველ მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია. ეს მონაცემი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ქვეყნების შედეგებს, რომლებიც PISA-ს შეფასებაში მონაწილეობენ. წაკითხულის გააზრებაში დაახლოებით 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან უფრო მაღალ დონეს, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში დაახლოებით 35%-მა.
მე-2 დონე ნიშნავს, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან მარტივი სტრატეგიები პრობლემის გადასაჭრელად. შეუძლიათ ინფორმაციის მიღება ერთი ან მეტი წყაროდან, მარტივი ამოცანების გადაჭრა, შედეგების პირდაპირი ინტერპრეტაცია.
- კერძო სკოლის მოსწავლეები უფრო მაღალ შედეგს აღწევენ, ვიდრე საჯარო სკოლის მოსწავლეები;
- მათემატიკაში მაღალი შედეგები თბილისში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ, შემდეგ სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებლებს. ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ. მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც;
- საქართველოში ბიჭები და გოგოები საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებენ მათემატიკის დავალებებს. კითხვაში გოგოები 35 ქულით სჯობნიან ბიჭებს;
- საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც სქესის მიხედვით გოგოების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს. საქართველოს მსგავსი მონაცემები აქვთ ბრუნეის, ჩრდილოეთ მაკედონიას, ფილიპინებს, მაროკოს, ალბანეთს, პალესტინას, მონღოლეთს, აზერბაიჯანს, დომინიკის რესპუბლიკას, ფინეთს და კიდევ 6 სხვა ქვეყანას;
- საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქართულენოვანი და რუსულენოვანი ჯგუფის შედეგებს.
შედეგები სოციალურ-ეკონომიკური ინდექსის მიხედვით
- საქართველოში მოსწავლეების მხოლოდ 7.3 %-ი ყველაზე ღარიბი მოსწავლეები არიან;
- საქართველოს მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური ფონი ჰქონდა ყოველ მესამე მოსწავლეს თურქეთსა და ვიეტნამში.
- საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურად შეძლებულმა მოსწავლეებმა მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს შეჭირვებულ მოსწავლეებს
- საქართველოს ეკონომიკურად შეჭირვებული 15 წლის მოსწავლეების, დაახლოებით, 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო. ისინი მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეების ზედა 25%-ში მოხვდნენ.
კვლევა ამ მოსწავლეებს აკადემიურად მდგრადებს უწოდებს, რადგან მიუხედავად ეკონომიკური სტატუსისა, საქართველოს სხვა მოსწავლეებთან შედარებით უმაღლეს შედეგებს მიაღწიეს.
მოსწავლის კმაყოფილება სასკოლო ცხოვრებით
საქართველოში 2022 წელს 15 წლის მოსწავლეების 79%-მა განაცხადა, რომ ისინი ადვილად იძენდნენ მეგობრებს სკოლაში და 51%-ი სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობს. ამავდროულად, 14% თავს სკოლაში მარტოსულად, ხოლო 13% თავს უცხოდ ან გარიყულად მიიჩნევს.
- 2022 წელს, ისევე როგორც 2018-ში, ყოველმა მეათე მოსწავლემ თქვა, რომ უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით.
- საქართველოს 15 წლის გოგოების 13%-მა და ბიჭების 15%-მა განაცხადა, რომ თვეში რამდენჯერმე მაინც გამხდარა ბულინგის მსხვერპლი.
- მოსწავლეები სკოლის გაცდენისას მიზეზად, ყველაზე ხშირად ავადმყოფობას, მოწყენილობას ასახელებენ.
- 2022 წელს, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ისეთი მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც იციან თავიანთი მომავალი პროფესია.
ათი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დაბალი საერთო PISA ქულები აქვს: ამ რეიტინგში პირველ ადგილზეა დომინიკის რესპუბლიკა. მე-9-ზე - საქართველო.
- დომენიკის რესპუბლიკა - 334.3
- ფილიპინები - 350.0
- კოსოვო - 361.3
- პანამა - 365.0
- მაროკო - 368.0
- ლიბანი - 376.7
- ინდონეზია - 382.0
- საუდის არაბეთი - 386.0
- საქართველო - 387.0
- არგენტინა - 395.0
ყველაზე მაღალი PISA ქულების მქონე ქვეყნები ასე განაწილდნენ:
PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690,000 მოსწავლე, რაც საბოლოოდ შეადგენს დაახლოებით 29 მილიონ 15 წლის მოზარდს. საქართველოში PISA 2022 ციკლის საპილოტე კვლევა 2021 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა, რომლის დროსაც, გამოსცადეს მათემატიკის კოგნიტური სფეროს ახალი დავალებები და კითხვარები. 2022 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა ძირითადი საველე სამუშაო.
მიუხედავად ამ პერიოდში არსებული პანდემიური ფონისა, საქართველომ შეძლო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონაწილეობის მაჩვენებლის ჩვენება OECD-სა და პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით 98% (15 წლის მოსწავლეების 95%-ის დაფარვა).
საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობდა 267 სკოლის 6,583 მოსწავლე. სკოლის დირექტორის კითხვარი შეავსო 267-მა დირექტორმა, მასწავლებლის კითხვარი კი - 3,202-მა პედაგოგმა, ხოლო მშობლის კითხვარი - 6,252-მა მშობელმა/მეურვემ. PISA 2022 წლის ტესტირებისას საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 76% ირიცხებოდა მე-10 კლასში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.