ლაშა დარსალია: გალის ფორმატი უნდა ჩატარდეს იმ სახით, როგორც ამას ითვალისწინებს ჟენევის დოკუმენტები, არანაირ პირობებს არ განვიხილავთ

გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრები ჟენევის ფორმატის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ყოველგვარი პირობების წაყენება ქართული მხარისთვის მიუღებელია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა.


დარსალიას თქმით, ეს ფორმატი უნდა ჩატარდეს იმ სახით, როგორც ამას ითვალისწინებს ჟენევის დოკუმენტები და ქართული მხარე არანაირ პირობებს არ განიხილავს.

„აქ ამ თემის არანაირი განხილვა არ ყოფილა. ხვალ იქნება განხილვა. მესმის სხვადასხვა სპეკულაცია ამ თემაზე და მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ვისაც საერთოდ არ აქვს შეხება ამ თემასთან, ნუ სპეკულირებენ ამ თემაზე, ეს მხოლოდ დამაზიანებელია.

გალის აიპიარემი მნიშვნელოვანი ნაწილია ჟენევის ფორმატის, მაგრამ ყოველგვარი პირობების წაყენება ქართული მხარისთვის მიუღებელია. ეს ფორმატი უნდა ჩატარდეს იმ სახით, როგორც ამას ითვალისწინებს ჟენევის დოკუმენტები. ნებისმიერი პირობის წაყენება ცალსახად მიუღებელია ქართული მხარისთვის და არანაირ პირობებს ჩვენ არ განვიხილავთ.


ერთადერთი პირობა ისაა, რომ გალის აიპიარემის ფორმატი უნდა აღდგეს იმ ფორმატით, რასაც ითვალისწინებს შეთანხმებული დოკუმენტები. აქვე გეტყვით, რომ ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უნდა იყოს განხილული, პირველ რიგში არის დაკავებების თემა. ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რომ ყველა დაკავებული ადამიანი, ვინც დღესაა ციხეებში, იყოს გათავისუფლებული,“ – განაცხადა ლაშა დარსალიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაში იმყოფება. დღევანდელი დღე თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხევდრებს დაეთმობა, ხვალ კი, ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი ოფიციალურად დაიწყება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) დიალოგის აღდგენის შესახებ შეთანხმება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე ფაქტობრივად მიღწეულია.