აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) დიალოგის აღდგენის შესახებ შეთანხმება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე ფაქტობრივად მიღწეულია.
„არსებობს ჟენევის ფორმატი, რომელიც ერთადერთი ადგილია, სადაც აფხაზური, ოსური მხარეები პიროვნულად მონაწილეობენ, ისინი არ მონაწილეობენ, მაგალითად, როგორც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან რაღაც უწყების წარმომადგენლები, ისინი იქ პიროვნულად მონაწილეობენ. კიდევ ე.წ. გალის ფორმატი არსებობდა, კონფლიქტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც 2008 წლიდან აფხაზური მხარის პოზიციის გამო არ ფუნქციონირებს. ჟენევაში, ფაქტობრივად, უკვე მიღწეულია შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფორმატი აღდგეს. აქ სხვა საკითხი წარმოიშვა - ქართული მხარე არ აპირებს საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს და რაღაც შტამპი ჩაურტყან. ამ ფაქტორმა ფორმატის განახლება რამდენიმე თვით შეაფერხა. ახლახან გალის დე ფაქტო გამგებლის, ფილიას განცხადება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ენგურისპირას, იქითა მხარეს, რაღაც სივრცის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც ეს შეხვედრები გაიმართება. ესეც ჟენევის ფორმატის შემადგენელი ნაწილია,” – განაცხადა გამახარიამ.
ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებით არანაირად არ იცვლებ პოლიტიკა.
„ალბათ, მოისმინეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასება ამასთან დაკავშირებით. მგონი, ეს საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ მე, როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიდასტურებთ, რომ პოლიტიკის არანაირ ცვლილებას, არანაირი ახალი ფორმატის ჩამოყალიბებას ადგილი არ აქვს," - განაცხადა გამახარიამ.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის გამართვა 5-6 დეკემბერს იგეგმება.
მანამდე, კონსტანტინე ფილიამ, ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამზადებენ სივრცეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრის გასამართად. საგარეო უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრა 2018 წლიდან არ გამართულა.
თბილისი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან დიალოგს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში აწარმოებს. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლები.