პრეზიდენტი: ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ქართულ ღირსებას წარმოადგენენ

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ქართულ ღირსებას წარმოადგენენ. როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის დროს, სულ ამ დრომდე 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

„მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ისინი ნებაყოფლობით, თავისი არჩევანით წარმოადგენენ იქ ქართულ ღირსებას. მინდა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ იმ ბიჭებს, რომლებმაც იქ თავიანთი სიცოცხლე შესწირეს და ჩვენთვის ძალიან ღირებული არიან,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მოხალისეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე.


ზურაბიშვილის განცხადებით, ნებაყოფლობითი მოხალისეობა მოქალაქეობის ნამდვილი გამოვლენაა.

„თქვენ წარმოადგენთ სწორედ ძალიან დიდი ძალას, რომელსაც ვერავინ ვერ შეაკავებს იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი ძალა. არა მხოლოდ „თქვენი ხმა ევროპას“, არამედ თქვენ ხართ ევროპა იმიტომ, რომ ესაა ევროპა: თავისუფლება, თავისუფალი ინიციატივა, თავისუფალი გაგება იმისა, თუ რა სჭირდება თქვენს ირგვლივ საზოგადოებას და ქვეყანას,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ხელმოწერების ევროპული კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა.

პრეზიდენტმა დღეს საქართველოში მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა „ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელები და მოხალისეები დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ.