უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში ჩასვლის შემდეგ აცხადებს, რომ ილჰამ ალიევთან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და აზერბაიჯანმა ერთმანეთის მიმართ კრიტიკული შეფასებები გაცვალეს.


რაც შეეხება 6 დეკემბერს გამართულ შეხვედრას, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისმაც.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ო'ბრაიენის ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტების განხილვისა და რეგიონულ საკითხებზე აზრთა გაცვლის თვალსაზრისით.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების მდიდარი ისტორიაა და რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის წლებში ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის ურთიერთობები დამყარდა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სფეროში.

ამავე შეხვედრისას ალიევმა აღნიშნა, რომ 44-დღიანი  ომის შემდეგ სომხეთს ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, გაგზავნა იარაღი და სამხედრო პერსონალი აზერბაიჯანის ტერიტორიებზე და მხარი დაუჭირა სეპარატიზმს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ჩაატარ ანტიტერორისტული ღონისძიებები თავის სუვერენულ ტერიტორიებზე, ბოლო მოუღო აგრესიულ სეპარატიზმს და ოპერაციის დროს ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების დაცვის მაგალითი აჩვენა. ალიევმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა.


„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს რეგიონულ სამშვიდობო დღის წესრიგს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დასრულების და აზერბაიჯანის სუვერენიტეტის სრული აღდგენის შემდეგ გაჩნდა ისტორიული შესაძლებლობები მშვიდობის დამყარებისთვის და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ამ პროცესში წვლილი შეიტანოს ახალი რეალობების გათვალისწინებით.

ილჰამ ალიევმა მიუთითა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, აზერბაიჯანის როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და კასპიისა და შავ ზღვაში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მიმართულია განახლებადი ენერგიის პოტენციალის განვითარებაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ რეგიონში შეიქმნა ახალი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პარტნიორობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კიდევ უფრო გაფართოვდა და ამ სფეროში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებზე ისაუბრა.


თავის მხრივ, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობას ღრმა ფესვები აქვს და ორი ქვეყანა კარგი პარტნიორია. მან ისაუბრა შეერთებული შტატების როლზე აზერბაიჯანის ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებზე მიწოდების კონტექსტში და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს რეგიონში სამშვიდობო დღის წესრიგს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებებს. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ამ კუთხით მოლაპარაკებები ვაშინგტონში გააგრძელოს.


ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის კონცეფციის განვითარებას, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნის შესახებ დისკუსიების გაგრძელებას. მან აღნიშნა აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში მომავლისკენ ხედვის მნიშვნელობა. ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ორმხრივი ვიზიტების განახლება მხარეებმა პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასეს. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონულ საკითხებზე,“ - ნათქვამია ალიევის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.