პრეზიდენტი: 9 დეკემბერს არასამთავრობოების მარშს ვუერთდებით

საქართველოს პრეზიდენტი 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ სახალხო მარშს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა სპორტსმენების მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მარშს შეუერთდებიან, რათა ეს იყოს საქართველოს ევროპულობის ერთობლივი განაცხადი.


„ვიცი, ბევრ ადგილზეა სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც ერთად გროვდება. ესეც საზოგადოების ნიშანია, როდესაც ცალ-ცალკე და ერთად, ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ კუთხით 9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ, რათა ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როდესაც ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.


თბილისში, 9 დეკემბერს, სახალხო მარში იგეგმება. დემოკრატიის მცველების“ დირექტორმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული მარშის მთავარი მიზანია, სტატუსის მონიჭებამდე, ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიაწვდინოს საკუთარი ხმა ევროპას. მშვენიერაძის თქმით, მარში 9 დეკემბრის 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა გაიშლება.