საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხზე იწყება საუბარი, რუსეთი ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას და ახლაც იგივე მოხდა. დარსალიამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციისგან არცერთ საკითხზე არ ჩანს მზაობა, რომ ისაუბრონ.
„ექვსპუნქტიანი შეთანხმების არცერთ პუნქტზე, სამწუხაროდ, პროგრესი არ ფიქსირდება. როგორც ყოველთვის, როგორც კი საკითხი მიდის დევნილთა დაბრუნების თემაზე და იწყება საუბარი, რუსეთის ფედერაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას. ამ რაუნდზეც იგივე ვითარება გვქონდა.
ამას ემატება ის მძიმე ფონი, რომელიც ჩვენ გვაქვს. პირველ რიგში, ვგულისხმობ თამაზ გინტურის მკვლელობას. აღნიშნულ საკითხზეც აბსოლუტურად არაკონსტუქციული მიდგომა დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ყოველ წელს ჩვენ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, როდესაც ძალის გამოყენება ხდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. სამწუხაროდ, წელს ეს მკვლელობით დასრულდა.
რუსეთის ფედერაცია ყოველთვის იყენებს ასეთ საკითხებს შანტაჟისა და ზეწოლისთვის, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ ხისტი მიდგომა აქვს რუსეთის ფედერაციას და რამდენად არ წარმოადგენს მისთვის არანაირ მნიშვნელობას ადამიანების ბედი,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მანვე აღნიშნა, რომ ცალსახად გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია: „ამაზე, როგორც ყოველთვის, პასუხი აქვთ, რომ ეს არის „სუვერენული“ გადაწყვეტილება რუსეთისა და აფხაზეთის ან ცხინვალის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისევ ცინიკური მიდგომაა.“
დარსალიას თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორმატები და სწორედ საერთაშორისო სამართალი გახდება კონფლიქტის მოგვარების საფუძველი, ხოლო ამ მხრივ საქართველოს პოზიციები მყარია.
„ისრების გადატანის მცდელობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ტრადიციული საკითხია, როდესაც ისინი თავის თავს ეძახიან მედიატორებს, ამბობენ, რომ მხარეები არიან საქართველო და თითქოსდა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, თუმცა ყველასთვის ცხადია, საერთაშორისო სამართლისთვისაც, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რომ ვალდებულებები, პირველ რიგში, აქვს რუსეთის ფედერაციას, მათ შორის 6-პუნქტიანი შეთახმებით, რომელიც არის ხელმოწერილი საქართველოსა და რუსეთის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორმატები – ამაში ვგულისხმობ როგორც საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს, რეზოლუციებს და ა.შ. დღეს იქნება თუ ხვალ, სწორედ საერთაშორისო სამართალი გახდება საფუძველი ამ კონფლიქტის მოგვარების და ამ მხრივ საქართველოს პოზიციები არის მყარზე მყარი,“ – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
თავის მხრივ, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა თამაზ გინტურის საკითხს, რა შეიძლება, გაკეთდეს, რომ მსგავსი რამ ისევ არ მოხდეს.
„ჩვენი მხრიდან ხაზს ვუსვამდით, რომ ყველა მონაწილემ უნდა იფიქროს, როგორ შეიქმნას ატმოსფერო, სადაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს არ შეეშინდებათ წასვლა ეკლესიაში, სასაფლაოებზე, რომ შეიძლება, ამის გამო ან დააკავონ, ან მოკლან.
ჟენევის პლატფორმა არის ერთადერთი, რომელიც გვაქვს. არ არის იდეალური, ამ შეხვედრებს, 15 წელია, ვატარებთ და ალბათ სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კარგი იქნებოდა, გქვონდეს მეტი პროგრესი. ამავდროულად, ის ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ და ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ყველანი ვისურვებდით, რომ უფრო მეტი შედეგი გვქონდეს 15 წლის შემდეგ,“ – განაცხადა ტოივო კლაარმა.
ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაში იმყოფება, სადაც ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი მიმდინარეობდა.
დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა.
მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).