სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მისი შემდეგი ბირთვული რეაქტორი მცირე მოდულური იყოს და რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ხუთ ქვეყანასთან მიმდინარეობს.
„ჩვენ გვქონდა მრავალმხრივი დისკუსია და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი შემდეგი ბირთვული რეაქტორი იქნება მცირე მოდულური,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. კითხვას, თუ რომელ ქვეყანასთან ითანამშრომლებს სომხეთი, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ინარჩუნებს გამჭვირვალე მიდგომას.
ფაშინიანმა განმარტა, რომ როდესაც ის მოსკოვს სტუმრობს, ხალხი ფიქრობს, რომ სომხეთმა უკვე აირჩია რუსეთი. „ძალიან გამჭვირვალედ განვაცხადეთ, რომ ამჟამად გვსურს წინადადებების მიღება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.
„დღეს ჩვენ ასეთ დისკუსიებს ვაწარმოებთ აშშ-სთან, რუსეთთან, ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან და საფრანგეთთან. უფრო მეტიც, ჩვენ ამაში პოლიტიკურ კომპონენტს არ ვდებთ,“ განმარტა ფაშინიანმა.
„კომერციული და ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ უნდა შევაფასოთ, რომელი წინადადებაა ყველაზე მომგებიანი და ამის მიხედვით გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
მისი თქმით, ექსპერტთა ჯგუფები უკვე სტუმრობენ ან გეგმავენ სხვადასხვა ადგილის მონახულებას დეტალების შესასწავლად.
„ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას მომდევნო ერთი-ორი წლის განმავლობაში. ამ გადაწყვეტილებას არ ექნება გეოპოლიტიკური ან საგარეო პოლიტიკური კონტექსტი. ჩვენ გვინდა მცირე ბირთვული რეაქტორი საუკეთესო ფასით, ყველაზე უსაფრთხო ტექნოლოგიით და შესაძლო ანაზღაურების უმოკლესი პერიოდით,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის მოქმედი ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაცია 2026 წელს იწურება. მთავრობა, რუსეთის „როსატომთან“ ერთად, მმისი ექსპლუატაციის კიდევ ათი წლით გახანგრძლივებაზე მუშაობს. სომხეთი ახალი ბირთვული რეაქტორის ექსპლუატაციაში გაშვებას 2036 წლისთვის გეგმავს.
- აშშ მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების შესაძლო მშენებლობაზე: მივესალმებით ჩართულობას ქვეყნებთან, რომლებიც ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან
- აშშ სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში, მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს - მედია