რუსეთი „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე“ საუბრობს

ჟენევის დისკუსიების 59-ე რაუნდის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე.

„სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში ნატოს მზარდი აქტივობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნის თანამედროვე ტიპის შეიარაღებით მომარაგებით,“ - ნათქვამია განცხადებაში.


მოსკოვის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა „გამოთქვეს საერთო ინტერესი ჟენევის ფორმატის, როგორც მრავალმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმის, შენარჩუნებისთვის სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტებზე რეგულარული დიალოგის შესანარჩუნებლად“.

რუსეთი კვლავ მიუთითებს „სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების აუცილებლობაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, ასევე დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყების აუცილებლობაზე.

„მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სიტუაცია „ადგილზე“ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში, ცალკეული ინციდენტების გამოკლებით, ზოგადად სტაბილური რჩება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაზი გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) გალის ფორმატის სწრაფი აღდგენის მნიშვნელობას.

აფხაზურმა მხარემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უკვე გამოვიდა წინადადებებით, რომელიც შეეხება ამ მექანიზმის აღდგენას, „რომელსაც ქართველი მონაწილეების მხარდაჭერა არ მიუღია“.

მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ თქვეს უარი ქართველი დევნილების შინ დაბრუნების საკითხის განხილვაზე და მიუთითეს გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის „პოლიტიზებულობაზე“.


„იმ პირობებში, როცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ არ აქვთ ნიუ-იორკის პლატფორმაზე წვდომა და ამიტომ არ შეუძლიათ იქ თავიანთი პრინციპული მიდგომების წარდგენა, რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა კვლავ წამოჭრეს საკითხი, შეწყდეს სოხუმისა და ცხინვალის მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკა, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ საკითხების კონსტრუქციულ განხილვას ჟენევის დისკუსიების ფარგლებში,“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-60 რაუნდი 2024 წლის აპრილისთვის დაიგეგმა.