დანიგანი საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ: ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა, აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საპატრიარქოში ილია მეორესთან და მღვდელმთავრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქი ეროვნული საგანძურია.

„ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა, მას ვუთხარი, რომ აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით. ჩემთვის ამაღელვებელი მომენტი იყო მის უწმინდესობასთან შეხვედრა. მას ვუთხარი, თუ რამდენად იმოქმედა ჩემზე იმ გავლენამ, რაც მას აქვს საქართველოზე. ის ამდენი წლის განმავლობაში არის უდიდესი სულიერი ლიდერი და ეხმარებოდა ამ ქვეყანას აშენებაში. მე ასევე მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას იმ წვლილისთვის, რასაც ის მშვიდობისთვის ეწევა, მშვიდობისთვის ხალხის სულში, ოჯახებსა და მსოფლიოში. ის ეროვნული საგანძურია და ჩემთვის უდიდესი პატივია მასთან სტუმრობა. მას ვუთხარი, რომ აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით,“ - განაცხადა ელჩმა.


საქართველოს საპატრიარქოს ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები ეწვივნენ. საპატრიარქის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავდაპირველად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე შეხვდნენ, შემდეგ კი მიღება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გაგრძელდა.