მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს გირაო შეეფარდა

მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ასევე აუკრძალა დაზარალებულთან მიახლოება.

გამოძიების ვერსიით, 53 წლის ნუგზარ სამნიძემ 4 დეკემბერს ბათუმში ოჯახის წევრის მიმართ ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში. ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს სახისა და სხეულის არეში დაზიანებები მიაყენა.

პროკურატურა პოლიციის თანამშრომლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.


უწების განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

„პროკურატურა არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 4 დეკემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ნ.ს-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 10.000 ლარი შეუფარდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.