ბრიანსკის სკოლის მერვეკლასელმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. დაიღუპა მისი კლასელი, თავდამსხმელმა კი, თავი მოიკლა. ადგილობრივების ცნობით, მოსწავლემ სკოლაში დააგვიანა, კლასში შესულმა კი, ხუთჯერ ისროლა. მის მოტივებზე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. ტელეგრამის არხზე ადგილობრივები წერენ, რომ გოგო თანაკლასელების მხრიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ბულინგის მსხვერპლი. კლასელებს შორის კონფლიქტის ვერსიას განიხილავენ სამართალდამცველებიც.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, დაჭრილია კიდევ ოთხი მოსწავლე, ყველა მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შემთხვევა ბრიანსკის მე-5 გიმნაზიაში მოხდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასსის" ცნობით, სკოლის მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა. იუწყებიან, რომ იარაღი მამამისს ეკუთვნოდა.