დიდი ბრიტანეთი: რუსეთი პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტის განცხადებით, რუსული სპეცსამსახურები 2015 წლიდან მაღალი რანგის ბრიტანელი პოლიტიკოსების პირად საუბრებს უსმენდნენ.

თემთა პალატის წინაშე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ჯაშუშური ჯგუფი Star Blizzard ასევე ცნობილი, როგორც Callisto, კიბერთავდასხმებით დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა, რომელიც დიდი ალბათობით, FSB-სთან არის დაკავშირებული. კიბერჯაშუშობის მსხვერპლებს შორის არიან დიდი ბრიტანეთის პარლამენტარები და მსხვილი პარტიების მნიშვნელოვანი წევრები.


დოქერტის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის Star Blizzard-ის ორი წევრი იდენტიფიცირებულია და მათ წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება. ამ საქმეზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩიც დაიბარა.


ცნობისთვის, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. აშშ ხსენებულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ.