აშშ რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ

ვაშინგტონი რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, რომლებთანაც მას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, არჩევნებში რუსეთის ჩარევის გავლენის შესამსუბუქებლად, ზომები მიიღონ. ასეთ ზომებს შორისაა სანქციები, ინფორმაციის გაცვლა და რუსი ჯაშუშების გაძევება.

აშშ-ში გამოქვეყნდა დაზვერვის შეფასებები, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი ჯაშუშებს, სოციალურ ქსელებსა და რუსეთის სახელმწიფო მედიას იყენებს, რათა შეარყიოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული არჩევნების მიმართ მთელ მსოფლიოში. კერძოდ, რუსეთის სახელმწიფო მედია ღიად აცხადებდა, რომ კენჭისყრა არადემოკრატიული იქნებოდა და აძლიერებდა ყალბ მტკიცებას მოსალოდნელ ფალსიფიკაციაზე 2020-2021 წლებში აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ამერიკის არაერთი არჩევნების წინა დღეს. 


„ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის კრემლის წარმომადგენლები ფასეულად და ეფექტიანად მიიჩნევენ გავლენის მოხდენისკენ მიმართულ ასეთ ოპერაციებს," - წერია აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში Reuters-ის ცნობით.


ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ არჩევნებში გავლენის მოსახდენად ოპერაციის გააქტიურებისკენ რუსეთს აშშ-ის 2020 წლის არჩევნების თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელებაში მიღწეულმა წარმატებამ უბიძგა.

წყაროს თქმით, ამერიკული დაზვერვის დასკვნები სახელმწიფო დეპარტამენტმა გაუგზავნა აშშ-ის 100-ზე მეტ საელჩოს ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.

ვაშინგტონი რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, რომლებთანაც მას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, მიიღონ ზომები არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესამსუბუქებლად. ასეთ ზომებს შორის ვაშინგტონი სანქციებს, ინფორმაციის გაცვლასა და რუსი ჯაშუშების გაძევებას მოიაზრებს.

„2020-2022 წლებში რუსეთის კოორდინირებული ოპერაციები მიზნად ისახავდა "საზოგადოების ნდობის შელახვას ცხრა დემოკრატიულ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, გამართული მინიმუმ 11 არჩევნების მიმართ," - ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი გასაჯაროებული არ არის.