რა გზავნილი გადასცა ოსტინმა უკრაინის დელეგაციას

უკრაინის დელეგაცია პრეზიდენტის ოფისის უფროსის ანდრი ერმაკის, თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვის და უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკის ხელმძღვანელობით, 6 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს ვაშინგტონში შეხვდა. 


ოფიციალური პირები მოლაპარაკებებს აშშ-უკრაინის თავდაცვის სამრეწველო ბაზის კონფერენციის ფარგლებში მართავდნენ, რომლის მიზანია, გააძლიეროს თანამშრომლობა აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის კომპანიებს შორის და გაიზარდოს იარაღის მთლიანი წარმოება. კონფერენცია 5-6 დეკემბერს ვაშინგტონში გაიმართა.


უკრაინული მედია წერს, რომ სალივანთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის ელჩი აშშ-ში ოქსანა მარკაროვა და ერმაკის მრჩეველი დარია ზარივნა. ერმაკის თქმით, ოფიციალურმა პირებმა განიხილეს სიტუაცია ფრონტის ხაზზე, თავდაცვის საჭიროებები და უკრაინის გამარჯვების აუცილებლობა. ერმაკმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და კონფერენციის ინიცირებისთვის.


ეს სამიტი სექტემბერში გამართული თავდაცვის მრეწველობის ფორუმის გაგრძელებაა. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ ფორუმზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული თავდაცვის კომპანიები უკრაინასთან პარტნიორობის განვითარევბის მიზნით მიიწვია.


აღსანიშნავია, რომ უკრაინის დელეგაცია, რომელიც ვაშინგტონში ჩავიდა ამერიკული დახმარების შესაძლო შეჩერების შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე, ასევე შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს. 

„ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის შესაძლებლობა, რაც გვჭირდება, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს გრძელვადიან პერსპექტივაში მათი სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში,” - განაცხადა ოსტინმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დელეგაცია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის.