უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი, სამების საკათედრო ტაძარში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 17 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ აფხაზეთში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 23 პირის, 21 სამხედრო მოსამსახურისა და 2 მშვიდობიანი მოქალაქის, ხსოვნას. 2023 წელი ნამდვილად უპრეცედენტოა და გამორჩეული.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიღწეული შედეგით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უდიდესი მხარდაჭერით, ქართულ-აფხაზური ჰუმანიტარული მექანიზმის მუშაობით და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, წელს ჩვენ მოვახერხეთ ჯამში 58 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა, რისთვისაც მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის,“ განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 288.