უკრაინა 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წარმოებას ორ ამერიკულ კომპანიასთან ერთად დაიწყებს

ვაშინგტონში DFNC1 თავდაცვის კონფერენციის შედეგების შემდეგ, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა, რომ უკრაინა 155 მმ-იან საბრძოლო მასალას ორ ამერიკულ კომპანიასთან ერთად დაამზადებს. კონფერენციის პრაქტიკულ შედეგებზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა „გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს პირველ რიგში 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის წარმოება.

„ჩვენ გვაქვს შეთანხმება ორ წამყვან ამერიკულ კომპანიასთან უკრაინაში 155 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალის ერთობლივი წარმოებაზე,“ - განაცხადა კამიშინმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ კომპანიებზეა საუბარი. მან აღიარა, რომ „ამ პროექტების განხორციელებას წლები დასჭირდება.“


„ამ პროცესს სულ მცირე ორი წელი სჭირდება, მაქსიმუმ სამი წელი. და ამ წარმოების დასაწყებად, ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგიები, რაც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. უკრაინას არასოდეს უწარმოებია ამ კალიბრის მასალა," – განმარტა მინისტრმა.


2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებზე მოთხოვნა გაიზარდა.

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უკვე გაგზავნეს კიევში ორ მილიონზე მეტი ასეთი ჭურვი. ახლა დასავლეთის სახელმწიფოები ცდილობენ, გაზარდონ საარტილერიო ჭურვების წარმოება, რათა თავიანთი მარაგი შეავსონ.